ახალი ამბები
სენაკის მერობის კანდიდატისა და სოფლის გამგებლის ურთიერთბრალდებები (ვიდეო)
სენაკის მერობის ყოფილი კანდიდატი „შენების მოძრაობიდან“ აპოლონ გარუჩავა „ქართული ოცნების" წარმომადგენლებს“ მუქარაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, არჩევნების დღეს მმართველი პარტიის დავალებით  რამდენიმე პირმა არაერთხელ დაურეკა და ფიზიკური განადგურებით დაემუქრა. ამბობს, რომ მუქარის მიზეზი მის მიერ ატვირთული ვიდეო მასალაა, რომელშიც ჩანს, რომ არასრულწლოვანი სააგიტაციო პლაკატებს ხევს. შემდეგ კი აღიარებს, რომ ეს "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა დაავალეს. 

„ჯერ დამირეკა თეკლათის გამგებელმა და მითხრა, რომ ზედა ეშელონებს ჩარევს ამ ამბავში. შემდეგ კი დამირეკეს „ქართული ოცნების“ "ზონდერებმა" და მითხრეს, რომ ჩამოვიდოდნენ თბილისიდან და იყო სხვადასხვა სახის მუქარა. მათ არ მომცეს არჩევნებში თავისუფლად მონაწილეობის საშუალება“, - თქვა გარუჩავამ.

მან დღეს ზუგდიდში გამართულ ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართავს.

თავის მხრივ, თეკლათის გამგებელი ია აბულაძე ამბობს, რომ მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია და გარუჩავას არავინ დამუქრებია. რაც შეეხება პლაკატების ჩამოხევის ფაქტს, მისი თქმით, არასწრულწლოვნისთვის ეს არავის დაუვალებია და ვიდეოში მოცემული მასალა გარუჩავამ მას თავად ჩააწერინა.

„ტყუილია, რომ მე მას ვემუქრები, პირიქით ხდება. საერთოდ არც ვიცოდი, რომ მერობის კანდიდატი იყო“, - თქვა აბულაძემ.

რაც შეეხება ვიდეომასალას, გარუჩავამ ის საკუთარი ფეისბუქ გვერდიდან წაშალა და მიზეზად შეურაცხმყოფელი კომენტარები დაასახელა.


Print