ახალი ამბები
საინფორმაციო სესია და 50-ე შერეული შეხვედრა გალში (ვიდეო)
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში მორიგი, რიგით 50-ე შერეული შეხვედრა დასრულდა. სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კახაბერ ქემოკლიძის ინფორმაციით, ქართულმა მხარემ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი დააყენა, მათ შორის, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები.

მისივე ცნობით, შეხვედრის დაწყებამდე გალში გაეროს ინიციატივით, საინფორმაციო სესია გაიმართა. ქემოკლიძის ინფორმაციით, უცხოელმა ექსპერტებმა შეხვედრის მონაწილეებს კონფლიქტურ რეგიონებში კრიმინალთან ბრძოლის არსებული გამოცდილება გაუზიარეს.

რაც შეეხება შერეული შეხვედრის დეტალებს, გალში დღეს გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი ოღლის გათავისუფლების საკითხი და ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქეების თემაც განიხილეს.

„ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული კანჯი ოღლის საკითხს ლოგიკური გაგრძელება არ მოჰყოლია. ის აუცილებლად უნდა წარსდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე. გარდა ამისა, ვისაუბრეთ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით მიმდინარე წელს დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებზე. შემიძლია გითხრათ, რომ ცენტრალური მთავრობა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად ვმუშაობთ, რომ უმოკლეს ვადაში გათავისუფლდნენ უკანონო პატიმრობიდან“, - განაცხადა ენგურის ხიდზე ქემოკლიძემ.




აფხაზურმა მხარემ ასევე დაადასტურა 16 ოქტომბერს კობა ოყუჯავას დაკავების ფაქტი, რომელიც დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლის ცნობით, 2000 წელს მომხდარი სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის დააკავეს. ის ამჟამად გალის იზოლატორში იმყოფება.

შემდეგი შეხვედრა გალში 28 ნოემბერს გაიმართება.

ამავე თემაზე:

გალში მორიგი შერეული შეხვედრა მიმდინარეობს

Print