რეგიონი
გაზეთ „გალს“ სურს დამოუკიდებელ გამოცემად დარჩეს
საზოგადოებრივ - პოლიტიკურმა გაზეთმა „გალი“ („Гал“) უარი განაცხადა იყო გალის ე.წ. ადმინისტრაციის ბეჭდური ორგანო და განზრახული აქვს „დამოუკიდებელ გამოცემად“ დარჩეს, წერს „აბხაზია - ინფორმი“.

„გალის“ რედაქტორი ნუგზარ სალაყაია სოციალურ ქსელ ფეისბუკში წერს, რომ მარტიდან გაზეთი უსახსრობისა და გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციასთან შექმნილი უთანხმოების გამო არ იბეჭდება. სალაყაიას თქმით, მან ორი ნომერი საკუთარი სახსრებით გამოსცა.

"გაზეთი არ დახურულა და როგორც კი შესაძლებელი გახდება - ისევ გამოიცემა“, - წერს სალაყაია.

თავის მხრივ, გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ ასევე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „გაზეთის რედაქციამ მას კრების ოქმი გაუგზავნა, რომელშიც უარი განაცხადა იყოს ადმინისტრაციის ბეჭდური ორგანო, შესაბამისად, გაზეთს რაიონული ბოუჯეტიდან დაფინანსება შეუჩერდა“.

მან აღნიშნა, რომ  გამოცემის დებულების თანახმად, გაზეთ „გალს“ არავითარი კავშირი არა აქვს რაიონთან, რადგან  „მისი დამფუძნებელია საზოგადოებრივი ორგანიზაცია, ხოლო 100 % - იანი დამფინანსებელი - სახელმწიფო. პროკურატურამ, შეიძლება დაგვსაჯოს კიდეც იმისთვის, რომ წლების განმავლობაში ბიუჯეტის ფულით არაკანონიერად ფინანსდებოდა საზოგადოებივი ორგანიზაცია“, - წერს ნადარაია.

გაზეთ „გალის“ პირველი ნომერი 1995 წლის 4 ივნისს გამოვიდა, 500 ეგზემპლარიანი ტირაჟით. გამოცემა სამენოვანია, მასალები აფხაზურ, რუსულ და მეგრულ ენებზე იბეჭდება. დღესედღეობით, გაზეთის ტირაჟი 1000 ეგზემპლარია. ის სოხუმში იბეჭდება.



Print