რეგიონი
მუჟავაში გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი მესაზღვრეა
წალენჯიხის სოფელ მუჟავაში სამეგრელო- აფხაზეთის ე.წ. საზღვართან გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი მესაზღვრეა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს წვევამდელი იყო.

სოფელ მუჟავაში გამგებლის წარმომადგენლის მამუკა ჩხაპელიას ინფორმაციით, საზღვართან მდგომ ერთ-ერთ მესაზღვრეს იარაღი გაუვარდა, რამაც მეორე ჯარისკაცი იმსხვერპლა.

"მე როგორც მითხრეს, ერთ-ერთ ჯარისკაცს შემთხვევით გაუვარდა ტყვია, რამაც იმსხვერპლა იქვე მდგომი სხვა სამხედრო მოსამსახურე. დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი, სხვა ვერსიებიც არსებობს, თუმცა ამ ეტაპზე მე ეს ინფორმაცია მაქვს", - უთხრა რადიო "ათინათს" ჩხაპელიამ.

დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა, თუმცა, საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერის ნიკა ჭეჟიას თქმით, დაჭრილი საავადმყოფოში შემოყვანამდე გარდაცვლილი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
Print