რეგიონი
ზუგდიდში რეაბილიტირებული ინფექციური საავადმყოფო გაიხსნა (ვიდეო)
ზუგდიდში, ონარიის დასახლებაში არსებულ ინფექციურ საავადმყოფოს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. გარდა ამისა, ის უახლესი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა. განახლებული სამედიცინო დაწესებულება, რისთვისაც მილიონი ლარი დაიხარჯა, კორპორაცია „პრაიმედმა“ დღეს გახსნა.

„რაც შეეხება პერსონალს, არათუ შემცირდა, პირიქით, დაემატა თანამშრომლები“, - აღნიშნა კორპორაციის წარმომადგენელმა თორნიკე ჯანაშვილმა.

საავადმყოფოს გახსნას მედიკოსები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ძალიან მნიშვნელოვანია ინფექციური საავადმყოფოს რეაბილიტაცია და მინდა მადლობა ვუთხრა „პრაიმედს“. ჩვენი თვითმმართველობისთვის პრიორიტეტულია ეს კლინიკა, რადგან აქ მკურნალობენ, როგორც ადგილობრივი, ასევე, აფხაზეთიდან გადმოსული პაციენტები“, - თქვა ზუგდიდის ახლადარჩეულმა მერმა ლაშა გოგიამ.

კლინიკა ჩართულია C ჰეპატიტის ელინიმაციისა და ინფექციური დაავადებების სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების სახელმწიფო პროგრამებში. აღნიშნული პროგრამების ძირითადი ნაწილი დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ, სადაც შესაძლებელია კვალიფიციური სამედიცინო დახმარება გაეწიოს ყველა ასაკის პაციენტს.


Print