რეგიონი
დავით სანგულია: აფხაზეთის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ვერ აფორმებს რუსულ პენსიას და დაზღვევას
დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტმა თათბირი გამართა, რომელზეც „აფხაზეთსა და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ხელშეკრულების მზადების პროცესი“ განიხილეს. შეხვედრაზე რაულ ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ თვითაღიარებულმა რესპუბლიკამ ჯერ კიდევ 2002 წლის ნოემბერში ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციასთან ორმაგი მოქალაქეობის შემოღების შესახებ და „კანონში“ შესაბამისი ცვლილებები შეიტანა. მისივე ინფორმაციით, 2005 წელს, დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტმა ახალი რეგულაციები მიიღო, რომელთა თანახმად რუსეთთან ორმაგი მოქალაქეობა კვლავ შენარჩუნდა. 2008 წლის 17 სექტემბერს “მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების შესახებ” ხელშეკრულებაში, რომელიც მოსკოვსა და სოხუმს შორის გაფორმდა, ჩაიწერა, რომ ორივე სუბიექტი ორმაგ მოქალაქეობას ცალკე ხელშეკრულების საფუძველზე შემოიღებს.

თათბირზე „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ დაურ კოვემ აღნიშნა, რომ მისმა უწყებამ შესაბამისი დოკუმენტი რამდენიმე წლის წინ მოამზადა და შეთანხმების პროექტი გაეგზავნა „აღმასრულებელი ხელისუფლების დაინტერესებულ ორგანოებს, რომლებმაც თავიანთი წინადადებები და შენიშვნები წარმოადგინეს“.

ხაჯიმბას ადმინისტრაციის წარმომადგენლის დიმიტრი შამბას განცხადებით, ხელშეკრულების პროექტი არ არის ბოლომდე მორგებული “ქვეყნის ეროვნულ კანონმდებლობას”.

„მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელმა“ დავით სანგულიამ შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარების შემდეგ, აფხაზეთის მცხოვრებლებზე რუსეთის პასპორტის გაცემა შეწყდა. ”დღესდღეობით აფხაზეთის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს არ გააჩნია რუსეთის მოქალაქეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ვერ აფორმებენ რუსულ პენსიას და დაზღვევას”, – განაცხადა სანგულიამ.

„იუსტიციის მინისტრმა“ მარინა ფილიამ თათბირზე აღნიშნა, რომ არსებობს მცდარი აზრი იმის შესახებ, რომ “ორმაგი მოქალაქეობის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ რუსეთი მოქალაქეების დიდი ნაწილი გამარტივებული წესით გახდებიან აფხაზეთის მოქალაქეები”. მან განმარტა, რომ აღნიშნული ხელშეკრულების ხელმოწერა გაამარტივებს „აფხაზეთის მცხოვრებთათვის“ რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურებს, ხოლო „აფხაზეთის მოქალაქეობის“ მიღების წესები უცვლელი დარჩება.




Print