რეგიონი
საქართველოს და რუსეთის საპატრიარქოებმა, შესაძლოა, აფხაზეთში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შექმნან
რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

„აფხაზეთში სიახლე არაფერია. ის ჯგუფი, რომელმაც დაიპყრო ახალი ათონის მონასტერი და თავი გამოაცხადა თითქმის ავტოკეფალურ ეკლესიად, პოზიციებს ისევ ინარჩუნებს. უნდა ვიფიქროთ, როგორ დავარეგულიროთ სიტუაცია. პატრიარქ კირილთან თქვენს ბოლო შეხვედრაზე მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ აფხაზეთში არსებული სიტუაციის განსახილველად სამუშაო ჯგუფს შევქმნიდით“, - აღნიშნა მიტროპოლიტმა ილარიონ ალფეევმა საქართველოს პატრიარქთან შეხვედრაზე.

რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, სამუშაო ჯგუფი 2-3 წევრისგან დაკომპლექტდება.

აფხაზეთში სიტუაციის დარეგულირებაზე ისაუბრა პატრიარქმაც.

„ჩვენ აფხაზეთიდან გვყავს ეპისკოპოსი გრიგორი კაცია, აფხაზეთში კი არის პიროვნება, რომელიც ასევე გვარად კაციაა და რელიგიურ ორგანიზაციებთან პარლამენტისა და მთავრობის ურთიერთობას ხელმძღვანელობს. ვფიქრობ, დიდი ჯგუფი საჭირო არ არის, ალბათ სამი ადამიანი თითო მხრიდან საკმარისი იქნება. ჩვენ დავფიქრდებით და პასუხს შეგატყობინებთ“, - განაცხადა ილია მეორემ.





Print