ახალი ამბები
ქალაქ ზუგდიდის 2017 წლის ბიუჯეტიდან 280 ათასზე მეტი ლარი გაუხარჯავი დარჩა
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან 283 009 ლარი აუთვისებელი დარჩა. ეს თანხა კი ქალაქის კეთილმოწყობისა და ზუგდიდდასუფთავების სამსახურებს გადაეცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

ზუგდიდის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მურთაზ ბოკუჩავას განმარტებით, საუბარია ტენდერებიდან და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტიდან მორჩენილ თანხაზე, რომლის გადარიცხვას მერიის სამსახურებისთვის ის გამართლებულად მიიჩნევს.



საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თენგიზ ხარჩილავას თქმით, გარკვეული ეკონომიის გაწევის შედეგად შესაძლებელი გახდა, რომ ეს თანხები საჭიროებისამებრ გადანაწილებულიყო.

„ჩვენ გადავანაწილეთ ეს თანხები იმ სამსახურებში, სადაც გვიჭირდა და თანამშრომლებისთვის ხელფასის მიცემის საშუალება არ გვქონდა“, - განმარტა ხარჩილავამ.

საკითხს მხარი არ დაუჭირა ფრაქცია ენმ-ის წევრმა ანი წითლიძემ. მისი შეფასებით, გაუხარჯავი თანხის ამ რაოდენობის არსებობა მერიის არაკომპეტენტურობის მაჩვენებელი და ადგილობრივი თვითმმართველობის შეცდომაა.



„ჩვენ თავიდანვე გვქონდა შენიშვნები და რეკომენდაციები ბიუჯეტის სწორ დაგეგმვასა და პრიორიტეტებთან დაკავშირებით. გაუხარჯავი 283 009 ლარის გადანაწილება გაუგებარი აიპებისთვის, როცა ქალაქში არის ამდენი სოციალური პრობლემა, მერიის არაკომპეტენტურობის ბრალია“, - აღნიშნა წითლიძემ.

2017 წლის ბიუჯეტიდან მორჩენილი თანხიდან 251 009 ლარი - ზუგდიდასუფთავებას, 32 000 ლარი კი კეთილმოწყობის ცენტრს გადაეცემა.

Print