რეგიონი
სახალხო დღესასწაული "ჩხოროწყუობა 2017" აღინიშნა (ვიდეო)
სახალხო დღესასწაული „საპატიო ჩხოროწყუელის“ დაჯილდოების ცერემონიით გაიხსნა. საპატიო წოდება მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიენიჭათ: გორის ქალთა კამერული გუნდის ხელმძღვანელს - თეონა ცირამუას, ჭოღის საჯარო სკოლის დირექტორს - ჯემალ შენგელიას, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ - ნაპოლეონ ლემონჯავას, კულტურის დამსახურებულ მუშაკს - ნუნუ ქებურიას, შრომის ვეტერანს - გურამ თოდუას, სასპორტო სკოლის დირექტორს - გერონტი მამფორიას, მხატვარ - გურამ მალანიას, განათლების სისტემის ღვაწლმოსილ მუშაკს - შაჰან მალანიას.

დღესასწაულთან დაკავშირებით, დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიება მიმდინარეობდა. მუნიციპალიტეტის ცენტრში ეთნოკუთხეები მოეწყო, სადაც ხალხური რეწვის ნიმუშები, მეგრული ფაცხები, ხელნაკეთი ნივთები და სხვადასხვა ნამუშევარი გამოფინა.

აქ მოსულ სტუმრებს გამოფენის დათვალიერებასთან ერთად, ტრადიციული კერძების დაგემოვნება შეეძლოთ.

საზეიმო ღონისძიებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ, რომლებმაც მოსახლეობასთან ერთად, სახალხო სეირნობაში მიიღეს მონაწილეობა. დღესვე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა.



„ჩხოროწყუობა 2017“ გალა-კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდება. ჩხოროწყუობა 2013 წლიდან აღინიშნება.

Print