რეგიონი
სოხუმი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ: მომავალ წელს 3 ათასამდე ჰექტარი შეიწამლება
სოხუმში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების შედეგებსა და შხამქიმიკატების გამოყენების ეფექტურობაზე საუბრობენ. დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლის ვლადიმირ გერიას ინფორმაციით, აფხაზეთში ამ დროისთვის 2,5 ტონა შხამქიმიკატი შეიტანეს.

„ეს რაოდენობა საკმარისია იმისთვის, რომ მომავალ წელს სასოფლო-სამეურნეო ნარგავების 3 ათასამდე ჰექტარი შეიწამლოს. სამუშაოების პირველი ეტაპი მაისის პირველ დეკადაში დაიწყება, თუმცა, ნარგავების ერთჯერადი დამუშავება მხოლოდ ერთი თვის განმავლობაშია ეფექტური, საჭიროა განმეორებითი წამლობის ჩატარება“, - განაცხადა გერიამ.

ამავე ინფორმაციით, მიღებული შხამქიმიკატები აფხაზეთის 5 რეგიონში გადანაწილდება, თუმცა, მათი გამოყენებისას ყურადღება მიექცევა ეკოლოგიური სისტემის მდგომარეობას.

«დამუშავდება ის კულტურები, რომელთაც ჩვენი სოფლის მეურნეობისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვთ. ეს არის თხილი, ციტრუსის პლანტაციები, ვენახები და სხვ.“, - აღნიშნა სპეციალისტმა.

აფხაზი ეკოლოგი რომან დბარიც თვლის, რომ ქიმიური პრეპარატები მეტნაკლებად აზიანებენ ეკოსისტემას, თუმცა, ამ შემთხვევაში, ეს გარდაუვალი კომპრომისია, რომელიც სასოფლო - სამეურნეო კულტურების შენარჩუნების მიზნით დაიშვება.




Print