ახალი ამბები
თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრები დევნილები 20 000 ლარის ოდენობის დავალიანებას აპროტესტებენ (ვიდეო)
ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე არსებულ დევნილთა დასახლების მცხოვრებლები დავალიანების დაფარვას ითხოვენ. მათი თქმით, ეზოში მოწყობილი წყალსაქაჩისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის დარიცხული საფასურის 20 000 ლარის გამო მათ წყალი ერთი კვირა არ მიეწოდებოდათ. მათთვის გაუგებარია, რატომ არ მოსდით ქვითარი ყოველთვიურად, როგორც ეს დენისა და გაზის გადასახადის შემთხვევაში ხდება. დევნილების განმარტებით, მათ აღნიშნული დავალიანების გადახდის საშუალება არ აქვთ.

„ხელზე რომ ვაგროვდებდით ამ ფულს და ვიხდიდით, რატომ არ მოდის ქვითარი? ან რატომ აქამდე არ წამოგვიყენეს ასეთი ულტიმატუმი? არც ვიცით, საერთოდ, რაზეა საუბარი. არჩევნები დამთავრდა თუ არა, რამდენიმე დღეში წყალი გამოგვირთეს. რაც აქ დავსახლდით, წყლის პრობლემა სულ არის ამ დასახლებაში. გვითხრან, რაშია საქმე, გაგვარკვიონ“, - აღნიშნა ერთ-ერთმა დევნილმა ინეზა ფარულავამ.

იძულებით გადაადგილებული პირები ასევე მოითხოვენ, რომ შესაბამისი უწყებები მათი პრობლემით დაინტერესდნენ. თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრები რამდენიმე დევნილი უბნის მაჟორიტარ დეპუტატთან მამუკა ყურაშვილთან ერთად აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს უფროსს მანუჩარ ჩილაჩავას შეხვდა.



თავის მხრივ, ჩილაჩავა ამბობს, რომ ინდივიდუალური ქვითრები დევნილებთან არ მოდის, რადგან ობიექტი წყალკანალის ბალანსზე არ არის აყვანილი. გარდა ამისა, მისივე თქმით, ჩასახლებაში წყლის მიწოდება მხოლოდ გუშინ იყო შეფერხებული.

„გარკვეული შუამდგომლობების შედეგად, შეჩერებული იყო დავალიანების გადახდის საკითხი. ჩვენი სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რომ წყალკანალმა დევნილთა აღნიშნული ჩასახლება საკუთარ ბალანსზე გადაიყვანოს. რატომ არ დასრულდა ამ დრომდე ეს პროცესი, ვერ გიპასუხებთ, ჩვენს კომპეტენციას სცილდება“, - თქვა მან.



მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პრობლემის შესახებ დევნილთა სამინისტროსა და უშუალოდ მინისტრისთვისაც ცნობილია და უწყება წყალკანალთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„როგორც ვიცით, დევნილთა სამინისტრო ამზადებს დოკუმენტაციას, შემდეგ,ეკონომიკის სამინისტროს ნებართვით გადმოგვეცემა ჩვენს ბალანსზე. სამომავლოდ, ჭაბურღილების საჭიროება აღარ დადგება, რადგან მთელს ზუგდიდში ცენტრალური წყალმომარაგების სისტემა იქნება“, - უთხრა რადიო „ათინათს“ სიხარულიძემ.



ამ დროისთვის თაბუკაშვილის დევნილთა ჩასახლებაში წყლის მიწოდება აღდგენილია.


ამავე თემაზე:

ზუგდიდში დევნილებმა აქცია გამართეს (ვიდეო)

Print