ახალი ამბები
"გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად" - აქცია „ათინათში“ (ვიდეო)
ასოციაცია "ათინათში" აქცია "გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად" ტარდება. მსურველებს აქციაში მონაწილეობის მიღება დღეს 17:00 საათამდე შეუძლიათ. „ათინათის“ ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორის სალომე გუგუჩიას თქმით, მოქალაქეები ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ.

„18 წლის ასაკიდან ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ჯანმრთელობა უწყობს ხელს და სურვილი აქვს, შეუძლია გაიღოს სისხლი. მსგავსი აქცია გასულ წელსაც ჩატარდა ჩვენთან და ვიმედოვნებთ, რომ შემდეგშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა გუგუჩიამ.

აქციაში მონაწილეობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებმაც მიიღეს. მათ მოსახლეობას სისხლის გაღებისკენ მოუწოდეს.



აქციის მიზანი სხვადასხვა დაავადებების დროს საჭირო სისხლის მარაგის შექმნაა, რადგან, ორგანიზატორების თქმით, ახალი სისხლი მუდმივად დეფიციტურია.

„დონორთა შეზღუდული რაოდენობა ვერ აკმაყოფილებს მზარდ მოთხოვნებს. ეს დიდ საფრთხეს უქმნის უმწეო მდგომარეობაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეთა ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ღონისძიება, თავისი არსით, ატარებს სრულიად უანგარო ხასიათს: როგორც სისხლის დონაცია, ისე შემდეგ მისი საჭიროებისამებრ გამოყენება ხდება სრულიად უსასყიდლოდ. დონაციის შემდეგ, სხეული იწყებს გაღებული სისხლის მარაგის შევსებას, რაც დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე“, - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

ღონისძიება „ათინათის“ ახალგაზრდული ცენტრის და შპს „ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური
ბანკის“ ორგანიზებით იმართება. აქციის ყველა მონაწილეს მადლობის სიგელი გადაეცემა.

Print