რეგიონი
მოსკოვი სოხუმს რუსი ინვესტორების საკუთრების დაცვას ურჩევს
რუსეთის ხელისუფლება დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობას ინვესტორების საკუთრების დაცვის გაძლიერებას, ასევე რუსეთის მიერ ელექტროენერგიაში განხორციელებულ ინვესტიციებზე შეზღუდვების მოხსნას სთავაზობს, რისთვისაც თვითაღიარებულმა რესპუბლიკამ კანონმდებლობაში ცვლილებები უნდა შეიტანოს. გარდა ამისა, მოსკოვს სურს სოხუმმა რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთის ტურისტულად მიმზიდველ რაიონებში უძრავი ქონების შეძენის ნება დართოს, წერს „აფსნი ლაიფი“.

ამჟამად დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე 230 -ზე მეტი რუსული და 240 ერთობლივი აფხაზურ-რუსული კომპანიაა დარეგისტრირებული.

„რუსი ინვესტორები არ არიან დარწმუნებულები, რომ მათი კაპიტალი აფხაზეთში დაცულია. იყო შემთხვევები, როდესაც ინვესტორების ნაწილს საკუთრებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა", - ამბობს გამოცემის წყარო. 

მისი თქმით, აღნიშნული პრობლემები ოქტომბრის ბოლოს სოხუმში გამართულ რუსულ-აფხაზურ ფორუმზე განიხილეს. 

„აფხაზეთში აკრძალულია უძრავი ქონების უცხოეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვა. თუმცა, არავისთვის საიდუმლოს არ არის, რომ რესპუბლკაში უძრავი ქონების „შავი“ ბაზარი მუშაობს და გარიგების შედეგად მიღებული თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში არ მიედინება... უძრავი ქონების უცხოელებზე გაყიდვის ნებართვა ახალ ბიძგს მისცემდა ტურიზმის სფეროს განვითარებას“, - აღნიშნა მან.



Print