რეგიონი
„წითელი ბრილიანტი“ აფხაზეთში - ხურმის ახალი ჯიში არგენტინიდან
აფხაზეთში ახალი არგენტინული ჯიშის ხურმა „წითელი ბრილიანტი” მოიყვანეს, რომელიც ადგილობრივ პირობებთან არის ადაპტირებული. ამის შესახებ „სპუტნიკ აბხაზიას“ სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა ლესიკ აიბამ განუცხადა.

"ხურმის ახალი ჯიში სამი წლის წინ ჩამოვიტანეთ და ამ სეზონზე პირველ მოსავალს ავიღებთ. ახლა ამ ხურმის კვლევები აგუძერის საცდელ მონაკვეთზე ტარდება. ვფიქრობ, რომ "წითელი ბრილიანტი" სხვა ჯიშებზე უკეთ ავლენს თავს ჩვენს პირობებში. ხურმის ეს ჯიში უკურკოა და მისი გამოყენება, როგორც დესერტად, ასევე გასაშრობად არის შესაძლებელი. ერთი ხე 300 - 400 კილოგრამ ნაყოფს იძლევა", - აღნიშნა აფხაზმა სპეციალისტმა.

აიბას თქმით, მთავარ საშიშროებას აზიური ფაროსანა წარმოადგენს. მისი ინფორმაციით, მავნებელმა წელს ხურმის მოსავლის 50-60% გაანადგურა.

მეცნიერმა დასძინა, რომ "პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ამ პრობლემასთან დაკავშირებით, შეხვედრები გაიმართა და გადაწყდა, რომ 2018 წელს შესაბამის ზომებს მიიღებენ".


Print