რეგიონი
"ანაკლია სითიმ" ციურიხის ბიზნეს კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
„ანაკლია სითის“ წარმომადგენლები შვეიცარიის ქალაქ ციურიხში სამხრეთ კავკასიის ბიზნეს კონფერენციას დაესწრნენ. კონფერენცია - „სამხრეთ კავკასია - საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი: ახლო აღმოსავლეთის გზაჯვარედინი“ ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობის სფეროებში ახალი კონტაქტებისა და თანამშრომლობისთვის ახალი იდეების მოძიებას ეძღვნებოდა.

შეხვედრაზე სიტყვით „ანაკლია სითის“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი გამოვიდა. მან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ქალაქ ანაკლიის პროექტის მნიშვნელობასა და არსებულ შესაძლებლობებზე ისაუბრა. გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში ბიზნეს შეხვედრები გაიმართა ლოგისტიკურ, სატრანსპორტო და სამრეწველო საქმიანობით დაკავებულ სხვადასხვა მულტინაციონალურ კომპანიასთან.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის 20 დეკემბერს დაიწყება. ნავსადგურის მშენებლობა ცხრა ფაზად წარიმართება და ის წელიწადში 100 მილიონ ტონა ტვირთს გაატარებს. პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყო და ის ანაკლიის მიმდებარედ, 340 ჰექტარ ფართობის ტერიტორიაზე აშენდება. პორტის მშენებლობისა და განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.


Print