ახალი ამბები
ირაკლი გოგოხიამ მერიის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა
ქალაქ ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ, რომელსაც აღნიშნულ თანამდებობაზე გუშინ ბოლო სამუშაო დღე ჰქონდა, მერიის სამწლიანი საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში მერიის სხვადასხვა სამსახურის მიერ განხორცილებული, დაწყებული და დაგეგმილი ღონისძიებებია აღწერილი. ანგარიშში ასევე მოცემულია მერიის მიერ გაცემული სოციალური მომსახურებების აღწერა, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები და მიღებული შედეგები.

ანგარიშის მიხედვით, გოგოხია ქალაქის მერიის საქმიანობას საბიუჯეტო თვალსაზრისით წარმატებულად აფასებს. “მთელი ამ ხნის განმავლობაში (3 წელი და 3 თვე) საბიუჯეტო პროცესი ხასიათდებოდა სტაბილურობით, დინამიზმით და მყარი ფინანსური ბაზისით”, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშში მოცემულია 2014-დან 2017 წლის ჩათვლით მერიის თითოეული განყოფილების მიერ გაწეული ხარჯები, მიღებული შემოსავლები, პროექტები და გამოცხადებული ტენდერები.

დოკუმენტში მოხვდა გარეგანათების ბოძების დამონტაჟება, სანიაღვრე არხების მოწყობა და სტიქიის შედეგად დაზიანებული შენობების გადახურვა, ასევე, ბაღების, მიწისქვეშა გადასასვლელის, შადრევნებისა და ტროტუარების რეაბილიტაცია.



ანგარიშში განსაკუთებული ყურადღება გამახვილებულია რამდენიმე პროექტსა და ობიექტზე, მათ შორის, ყინულის სახლის მშენებლობის დასრულებასა და რეაბილიტაციაზე, ასევე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სრულ რეაბილიტაციასა და ჭადრაკის სკვერის კეთილმოწყობაზე.

აქვე საუბარია ცენტრალური ბიბლიოთეკისთვის ჩატარებულ სამუშაოებსა და ზუგდიდის ახალი სტადიონის მშენებლობის პირველი ეტაპის დასრულებაზე.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ტენდერი გამოცხადებულია ქალაქ ზუგდიდის ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვაზე. უკვე დაიწყო შალვა დადიანის სახელობის პროფესიული-დრამატული თეატრის შენობის რეაბილიტაცია.

ირაკლი გოგოხიამ საკუთარ ანგარიშში ხაზი სახალხო დღესასწაულ „ზუგდიდობასაც“ გაუსვა.



„2016 წელს პირველად, ქალაქ ზუგდიდმა სახალხო დღესასწაული „ზუგდიდობა“ აღნიშნა. ეს ყველა ჩვენგანისთვის განსაკუთრებული დღე იყო და დარწმუნებული ვარ, ტრადიციად იქცევა. 2016 წლიდან დღემდე ქალაქ ზუგდიდს 6 საპატიო ზუგდიდელი და 5 ზუგდიდის ს5 ზუგდიდის საპიტიო მოქალაქე“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშის ბოლოს ირაკლი გოგოხია, რომლის უფლებამოსილებას ხვალიდან ლაშა გოგია ჩაიბარებს, საკუთარ თანამშრომლებს მადლობას უხდის.




„2014 წლიდან დღემდე მე, მათთან ერთად ვზრუნავდი ქალაქის კეთილდღეობაზე, აღმშენებლობასა და განვითარებაზე. გვქონდა სიძნელეები, პრობლემები. გვქონდა გამარჯვებები, რასაც სწორედ ამ გუნდთან ერთად მივაღწიე. მე მადლობას ვუხდი მათ და დარწმუნებული ვარ, აღმშენებლობა კვლავ გაგრძელდება“, - აღნიშნულია ანგარიშში.

Print