რეგიონი
ანტი - სტიგმა კამპანია „დაინახე ყველაფერი“ - ზუგდიდში (ვიდეო)
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ საზოგადოებაში არსებული ნეგატიური განწყობების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის - „დაინახე ყველაფერი“ ფარგლებში ზუგდიდში შეხვედრები გაიმართა. კამპანიის ორგანიზატორები შშმ ბავშვების უფლებებზე და მათ მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზე მოსწავლეებსა და სტუდენტებს ესაუბრნენ. შეხვედრები შ. მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში, პირველ და მეორე საჯარო სკოლებში შედგა.



გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანლის მაია ქურციკიძის თქმით, საზოგადოების ჯერ კიდევ 40% შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ უარყოფითი განწყობის, სტიგმის მატარებელია.

„ასეთი ბავშვები ერთ-ერთი ყველაზე გარიყული ჯგუფია საქართველოში. ისინი ყოველდღიურად განიცდიან დისკრიმინაციას და მათი უფლებები ხშირად ირღვევა. დღეს ზუგდიდში ვიმყოფებით, ვხვდებით სკოლის მოსწავლებს და ვესაუბრებით მათ შეზღუდული შესაძლებოლობის მქონე ბავშვების შესახებ. იმის შესახებ თუ რა შესაძლებლობები აქვთ მათ და თუ როგორ უნდა მოხდეს მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში. სამწუხაროდ რეალობა ცოტა სხვანაირია და ეს ადამიანები იზოლირებულები არიან, არ არიან საგანმანათლებლო სისტემაში ჩართული, მათ მიმართ უარყოფითი განწყობა ძალიან დიდია და ამასთან არის არასწორი დამოკიდებულება“, - აღნიშნა ქურციკიძემ.


კამპანია "დაინახე ყველაფერი"  საქართველოში თებერვლის თვიდან დაიწყო. ის გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით, ევროკავშირისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების აქტიური მონაწილეობით მიმდინარეობს.

Print