რეგიონი
ზუგდიდის საკრებულო მუშაობას შეუდგა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიხსნა. დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ წარმომადგენლობითი ორგანო მუშაობას შეუდგა.

ხმის დამთვლელი კომისიის არჩევის შემდგომ მმართველმა პარტიამ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად გამგებლის ყოფილი მოადგილე მამუკა წოწერია დაასახელა, რომელსაც, სავარაუდოდ, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცებენ.

წოწერიას ენმ-ის დეპუტატმა ანა წითლიძემ სამუშაო გეგმის გაცნობა სთხოვა.

თავის მხრივ, თავმჯდომარეობის ერთადერთმა კანდიდატმა აღნიშნა, რომ დეპუტატებთან და სხვა თანამშრომლებთან ერთობლივი მუშაობის მომავალი ოთხი წელი ნაყოფიერი იქნება.

„მე გამოვიყენებ ჩემს, როგორც გონებრივ და ფიზიკურ რესურსს, რათა საკრებულოს მუშაობა იყოს ეფექტური. რა თქმა უნდა, კოორდინირებულად ვიმუშავებთ აღმასრულებელ ორგანოსთან ერთად“, - აღნიშნა წოწერიამ.

ამ წუთებში საკრებულოში ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობს. ხმების დათვლის შემდეგ ცნობილი გახდება, თუ ვინ უხელმძღვანელებს წარმომადგენლობით ორგანოს. პირველ სხდომას სამი დეპუტატი არ ესწრება.

საკრებულოში "ქართული ოცნება" უმრავლესობით არის წარმოდგენილი. მას ორგანოში 33 მაჟორიტარი დეპუტატი და პარტიული სიის 9 წევრი ჰყავს. რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, არჩეულ საკრებულოში ენმ ერთი მაჟორიტარით და პროპორციული სიის ოთხი, ხოლო "ევროპული საქართველო" 2 წევრით არის წარმოდგენილი. 

Print