რეგიონი
საკრებულოს პირველი სხდომა ოპოზიციის გარეშე დასრულდა (ვიდეო)
ზუგდიდის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველივე სხდომა ოპოზიციური პარტიის წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ისინი საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას მიერ განსახილველად გამოტანილი საკითხის, რომელიც თანამშრომლების რანგირებასა და საშტატო ნუსხის დამტკიცებას ეხებოდა შესასწავლად დროს ითხოვდნენ. თუმცა საკითხის განხილვის გადადება უმრავლესობამ არ ისურვა, რასაც მცირე კამათი მოჰყვა.

ენმ-ს წევრის ანა წითლიძის თქმით, აღნიშნულ საკითხს „ქართული ოცნების“ წევრები ისე ამტკიცებენ, რომ წაკითხულიც არა აქვთ.

„უმრავლესობას წარმოდგენაც არ აქვს რას ამტკიცებენ, რა თანამდებობრივ სარგოებზეა საუბარი. უბრალოდ გადაწყვიტეს, რომ მათ ასე უნდათ... სხვისი აზრი საერთოდ არ აინტერესებთ, რაც ძალიან ცუდია. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ესენი ამ საკრებულოს აქცევენ სანოტარო ბიუროდ, რომელიც მონურ მდგომარეობაში იქნება მერიასთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან“, - განაცხადა წითლიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ბათლომე შელიას თქმით, ასგვერდიანი დოკუმეტის განხილვა დღეს პრაქტიკულად ვერ მოესწრებოდა და უმრავლესობამ არც კი იცის რას დაუჭირა მხარი.

„ამ დოკუმენტს უმრავლესობის არცერთი წევრი არ იცნობს“, - აღნიშნა შელიამ.

საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას მტკიცებით, აღნიშნული დოკუმენტის განხილვის შესაძლებლობა ყველა დეპუტატს ჰქონდა.

„თუ წევრებს რაიმე შენიშვნები აქვთ, მისი განხილვის შესაძლებლობა აუცილებლად ექნებათ”, - უთხრა ჟურნალისტებს მან.

დღეს ზუგდიდის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა, სადაც თავმჯდომარე, მისი მოადგილეები და მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეები აირჩიეს.


Print