რეგიონი
სპეციალური ანგარიში: ომბუდსმენი აფხაზეთში გადასასვლელების გაუქმების შედეგად შექმნილ პრობლემებზე
საქართველოს სახალხო დამცველის ინიციატივით გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე - ადამიანის უფლებების მდგომარეობა კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში: არსებული გამოწვევები და სახელმწიფოს სტრატეგია. შეხვედრაზე საქართველოს სახალხო დამცველმა წარადგინა სპეციალური ანგარიში „გადასასვლელების გაუქმების გავლენა აფხაზეთის გამყოფ ხაზზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობაზე“. უჩა ნანუაშვილმა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის კუთხით უკან გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა 2017 წლის დასაწყისში აფხაზეთის გამყოფ ხაზზე ორი გადასასვლელი პუნქტის გაუქმება. ასევე, მან გალის რაიონში დოკუმენტაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა.

„აფხაზეთის გამყოფ ხაზზე 2016 წლის აპრილში ერთი - შამგონა-თაგილონი, ხოლო 2017 წლის 4 მარტს კიდევ ორი - ხურჩა-ნაბაკევისა და ორსანტია-ოტობაიას გამშვები პუნქტები გაუქმდა. გადასასვლელების გაუქმებასთან ერთად, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ასევე გაზარდა სანქციები ე.წ. „საზღვრის უკანონო კვეთის“ ბრალდებით დაკავებულთათვის. ჯარიმები გასამმაგდა, განმეორებით დარღვევის შემთხვევაში კი სანქციებს დაემატა ადმინისტრაციული პატიმრობა. 2017 წლიდან უკვე დაფიქსირდა ე.წ. „საზღვრის უკანონო კვეთის“ ბრალდებით გრძელვადიანი პატიმრობის რამდენიმე შემთხვევა. ხურჩა-ნაბაკევისა და ორსანტია-ოტობაიას გადასასვლელი პუნქტების გაუქმებამ განსაკუთრებით უარყოფითი გავლენა მოახდინა გალის რაიონის ე.წ. ქვედა ზონაში მცხოვრები 11 სოფლის დაახლოებით 3 400 ოჯახზე, რომლებიც ყველაზე ხშირად სარგებლობდნენ ამ გადასასვლელებით. გაიზარდა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიამდე მგზავრობის დრო და თანხა. განათლების მიღების მიზნით გამყოფი ხაზის კვეთას ვეღარ ახერხებენ სკოლის მოსწავლეები და საბავშვო ბაღის აღსაზრდელები“, - ნათქვამია ანგარიშში.

სოციალური უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით უჩა ნანუაშვილმა ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე სხვადასხვა სერვისების სიმწირეს, მათ შორის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის, შშმ პირებისათვის, ბავშვებისათვის და ა.შ. პრობლემურად შეფასდა ეკონომიკური მდგომარეობა აფხაზეთში, განსაკუთრებით კი გალის რაიონში, რომელიც კიდევ უფრო დამძიმდა რეგიონში აზიური ფაროსანას გავრცელების შედეგად. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ "საქართველოს მთავრობამ უნდა შეიმუშაოს გეგმა, თუ როგორ უპასუხებს გალის რაიონის მცხოვრებთა ეკონომიკურ პრობლემებს".

დისკუსია ევროკავშირის პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა.


Print