რეგიონი
აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით ევროპელ, ამერიკელ და აზიელ მეცნიერებს ელოდებიან
დეკემბერში საქართველოში ევროპელი, ამერიკელი და აზიელი მეცნიერების მონაწილეობით შეკრება გაიმართება, სადაც 2018 წელს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საბოლოო გეგმაზე შეჯერდებიან. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ფაროსანასთან ბრძოლა ვერ ხორციელდება, ვინაიდან მიძინებულია და ფიზიკურად მისი პოვნა რთულია.

"ფაროსანასთან ბრზოლა ზამთარში ვერ განხორციელდება, რადგან ეს არის მიძინებული პერიოდი და ფიზიკურად მისი მიკვლევა შეუძლებელია. სამინისტრო ფიტოსანიტარული სამსახურის გაძლიერების მიზნით მუშაობს ისე, რომ მომავალი სეზონისთვის უფრო დიდი შესაძლებლობებით დავხვდეთ. შესაძლებლობების ფარგლებში ჩვენთან არიან დონორებიც და ამაზე მუშაობა მიდის ყოველდღიურად. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელსაც გავაძლიერებთ აუცილებლად, ეს არის ზოგადად სამეცნიერო მიმართულება, მათ შორის ბიოლოგიური კონტროლის განხორციელების შესაძლებლობის განხილვა და ამ მხრივ ლაბორატორიული პოტენციალის გაზრდა არის პირველი ამოცანა სოფლის მეურნეობის სამინისტროსი, 2016 და 2017 წელს ჩვენთან ერთად ჩართული იყვნენ გეგმის შემუშავებაში უცხოელი წამყვანი ექსპერტები და რეგულარულად გვაქვს მათთან მუშაობა ახლაც. დაახლოებით დეკემბრის პირველ კვირაში ჩვენ გვექნება დიდი შეკრება, სადაც ევროპელი, ამერიკელი მეცნიერები და აზიელი მეცნიერები ჩვენთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას და საბოლოოდ 2018 წლის გეგმის დასრულებაზე ვიმსჯელებთ, რათა ბოლო დეტალები შეჯერდეს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან", - აღნიშნა მინისტრმა.

აზიური ფაროსანა (Halyomorpha Halys) საქართველოში პირველად 2015 წელს დაფიქსირდა. მავნებელმა 2016-2017 წლებში თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია და გარკვეულწილად სიმინდიც დააზიანა. გარდა ამ კულტურებისა, მწერი აზიანებს ხეხილოვან, კენკროვან და ბოსტნეულ კულტურებს, განსაკუთრებით ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას და მზესუმზირას. ფაროსანას მიერ დაზიანებული ხეხილის ნაყოფი დეფორმირდება, დაზიანების ადგილებში ვითარდება ყავისფერი ლაქები და ხილი საკვებად გამოუსადეგარი ხდება.

Print