რეგიონი
სამშვიდობო ორგანიზაციების განცხადება: მემორიალების პოლიტიზაცია ხელს არ უწყობს კონფლიქტების მოგვარებას
სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო პროცესში მონაწილე საერთაშორისო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც კილმარნოკში მემორიალის დემონტაჟთან დაკავშირებულ დებატებს გამოეხმაურნენ. განცხადების ავტორები ყველა მხარეს მოუწოდებენ დაუბრუნონ მემორიალი ძველ ადგილს და შემდეგ მოიძიონ ურთიერთმისაღები და სათანადო გზები 1990 - იან წლებში დაღუპულთათვის პატივის მისაგებად.

„ჩვენი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ენა, დასახელებები და სიმბოლოები ხშირად ამ კონფლიქტების გამოწვევის მიზეზი ხდება, და რომ ქმედებებს, რომლებიც, უმეტეს შემთხვევაში, ცალმხრივად ხორციელდება, შესაძლოა, ისეთი შედეგები მოყვეს, რომლებიც უარყოფითად აისახება ურთიერთობებზე... სამხედრო მემორიალების პოლიტიზაცია ხელს არ უწყობს ძალადობრივი კონლფიქტების მიზეზების აღმოფხვრას ან რეგიონში მშვიდობის დამყარებას“, - ნათქვამია განცხადებაში. 

შოტლანდიაში 90 - იან წლებში დადგმულ აფხაზ მეომართა ხსოვნის მემორიალის დემონტაჟის შესახებ განცხადება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში თამარ ბერუჩაშვილმა გააკეთა, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა მოლაპარაკებებში.

უფრო გვიან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუამ სახალხო დამცველის მიერ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ შოტლანდიის ქალაქ კილმარნოკში აფხაზ მეომართა ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალს ძველ ადგილზე დააბრუნებენ.

„არავინ გულისხმობდა მემორიალის დემონტაჟს. ჩვენ უბრალოდ მივუთითეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ ეს მემორიალი პოლიტიზირებულ სიმბოლიკას შეიცავს, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღიარების პოლიტიკას, რომელსაც დიდი ბრიტანეთი ჩვენი ქვეყნის მიმართ ატარებს. ამის გათვალისწინებით, ადგილობრივი ხელისუფლება დაგვპირდა, რომ ყველაფერს შესაბამისობაში მოიყვანს. ამ მიზნით, მემორიალის დროებითი დემონტაჟი განხორციელდა, გამოსწორების შემდეგ, მას ისევ თავის ადგილზე დააბრუნებენ“, - განაცხადა დონდუამ.

მემორიალის აღებას აფხაზური მხარის ნეგატიური რეაქცია მოჰყვა. დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ მიმართვაში ნათქვამია, რომ ქართული მხარის ნაბიჯებს ისინი აფასებენ, „როგორც ვანდალიზმის აქტის ხელშეწყობას და თანამედროვე ისტორიის ობიექტური ფაქტების ფალსიფიცირების მცდელობას". 

Print