რეგიონი
ზვიად გამსახურდიას სიცოცხლის ბოლო დღეებზე გადაღებული ფილმი კინოთეატრებში გამოდის (ვიდეო)
„ხიბულა“, რომელიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სიცოცხლის უკანანასკნელ 50 დღეს ასახავს, საქართველოს კინოთეატრებში 23 ნოემბრიდან გამოვა. ამასთან დაკავშირებით დღეს ფილმის რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა და მსახიობებმა პრესკონფერენცია გამართეს.

ფილმი, რომლის ხანგრძლივობა 99 წუთია, იმ ეპიზოდიდან იწყება, როცა გამსახურდია დევნილობაში აღმოჩნდა.

სურათში პრეზიდენტის როლს ირანელი მსახიობი ჰოსეინ მაჰჯუბი ასრულებს.

„საბედნიეროდ, მე მხვდა წილად ამ როლის შესრულება. გიორგი ოვაშვილის გუნდთან ერთად 70 დღის განმავლობაში მუშაობა ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო. ზვიად გამსახურდია ძალიან საინტერესო ადამიანი იყო. სცენარის წაკითხვისთანავე დამაინტერესა თავად პრეზიდენტის პიროვნებამ“, - განაცხადა ჰოსეინ მაჰჯუბმა.



ფილმს 2016 წლის მარტსა და აპრილში საქართველოს სამ სხვადასხვა რეგიონში - რაჭაში, იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთში იღებდნენ. რეჟისორის თქმით, გადაღებების დაწყებამდე კვლევის პერიოდში მან და სცენარის ავტორმა ჰოლანდიელმა რულოვ იან მინებომ ის გზა გაიარეს, რომელიც ზვიად გამსახურდიამ დევნილობის დროს გაიარა, თუმცა ტერიტორია მიუვალი და შესაბამისად, გადაღებები სხვაგან მიმდინარეობდა.



„საკმაოდ ურთულესი გზაა, როცა იმ გზაზე დადიხარ, ხვდები, რა მდგომარეობაში შეიძლებოდა ყოფილიყო ზვიად გამსახურდია. ამის გააზრება ძალიან ემოციურია... საკმაოდ რთული იყო გადაღებების პროცესი, რადგან ჩვენ ყოველდღიურად გვიწევდა ბუნებასთან ჭიდილი. იყო თოვლი და წვიმა, მოგვიხდა მდინარეების გადალახვა და სხვა. ჩვენი მუშაობაც თითქოს წააგავდა ფილმის პერსონაჟების ყოფას“, - განაცხადა გიორგი ოვაშვილმა.





„ხიბულას“ გადაღება მილიონნახევარი ევრო დაჯდა. ფილმი საქართველოს, გერმანიისა და საფრანგეთის ერთობლივი პროდუქციაა, სადაც თანხის 25% საქართველომ გამოყო, თანხის დანარჩენი ნაწილი გერმანული და ფრანგული ფონდებიდან მოიპოვეს.



Print