რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთის 251 წარჩინებულ მოსწავლეს კომპიუტერი გადაეცა (ვიდეო)
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დარბაზში სამეგრელოს მუნიციპალიტეტების წარჩინებულ მოსწავლეებს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ. ლეპტოპები იმ მოსწავლეებმა მიიღეს, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს.

"ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა, იმაში რომ მიმეღო ჩემი პირველი კომპიუტერი, მადლობა რომ ჩვენი შრომა დაფასდა დღეს და ვარ ძალიან ბედნიერი" - თქვა პირველი საჯარო სკოლის მოსწავლემ თეკლე პეტრიდისმა.

სამეგრელოდან სულ 251 ათოსანი დაჯილდოვდა. აქედან 56 ზუგდიდის სხვადასხვა საჯარო სკოლებიდან, 10 - მესტია, 12 - ფოთი, 7 - აბაშა, 36 მარტვილი, 32 - სენაკი, 33 - ხობი, 31 - ჩხოროწუ და 34 - წალენჯიხა.



"სტატისტიკას თუ გადავხედავთ წლიდან წლამდე იზრდება ასეთი მოსწავლეების რაოდენობა, შარშან თუ გვყავდა საქართველოს მასშტაბით 2470 წარჩინებული მოსწავლე, წელს მათი რიცხვი უკვე 2557-ია" - აღნიშნა საგანმანათლებლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა ლელა სიმონიამ.

დაჯილდოების ცერემონიალს საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლება და წარმატებული მოსწავლეების მშობლები ესწრებოდნენ.



მოსწავლეთა წახალისების პროექტი "ჩემი პირველი კომპიუტერი" 2009 წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს და მისი მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გაძლიერებაა.

Print