რეგიონი
პატრიარქმა მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი დაასახელა
ქაშუეთში გიორგობის აღსანიშნავი სადღესასწაულო წირვის დაწყებამდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანება წაიკითხა, რომელიც, მისივე თქმით, დღეს დაიწერა.

”სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ დადგენილია ყოვლადუსამღვდელოესობა მიტროპოლიტი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი”, - ნათქვამია ილია მეორის ბრძანებაში.

პატრიარქმა მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა.

შიო მუჯირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსია. ერისკაცობაში ელიზბარ მუჯირი 1969 წლის 1-ელ თებერვალს, თბილისში დაიბადა. 1993 წლის 5 იანვარს ბერად აღიკვეცა. 1995 წლის 19 აგვისტოს დიაკვნად აკურთხეს. ხოლო 1996 წლის 6 მაისს – მღვდლად. ეპისკოპოსად სასულიერო პირი 2003 7 სექტემბერს ეკურთხა, მთავარეპისკოპოსობა 2009 წლის 20 სექტემბერს ებოძა, ხოლო მიტროპოლიტობა 2010 წლის 2 აგვისტოს. შიო მუჯირი სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტია.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისათვის თავისი მოვალეობების შესრულებას, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე, – ამის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დებულებაშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ 1995 წელს მიიღო.

გარდა ამისა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე უფლებამოსილია, მოიწვიოს საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელზედაც აირჩევენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. მოსაყდრე, ასევე, საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრების წინ იწვევს წმინდა სინოდის სხდომას, საპატრიარქო კანდიდატების შესარჩევად.
Print