რეგიონი
ბიბილოვმა ხაჯიმბას თხოვნით ცხინვალის ციხიდან საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლა

ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმმა პატიმრობიდან საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლა, რომელსაც

20-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა გიორგი გიუნაშვილი დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას თხოვნით შეიწყალა. „სპუტნიკ აბხაზიას“ ცნობით, ხაჯიმბამ ბიბილოვს გიუნაშვილის გათავისუფლება ქართულ ციხეში მყოფ აფხაზ პატიმარზე გადაცვლის მიზნით სთხოვა. სააგენტოს ინფორმაციით, გიორგი გიუნაშვილი ცხინვალში მყოფ აფხაზეთის დელეგაციის წევრს დღეს გადასცეს.

სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა, განაცხადა, რომ ეს პოზიტიური ნაბიჯია და სამშვიდობო პროცესზე დადებითად აისახება. მას არ უსაუბრია, უკავშირდება თუ რა გიუნაშვილის გათავისუფლება აფხაზ მეომარში მის გაცვლას.

„ეს აჩვენებს, რომ კეთილი ნების არსებობის შემთხვევაში, პრაგმატული და ჰუმანიტარული მიდგომების არსებობის შემთხვევაში, როგორც დღეს გამოვლინდა, შესაძლებელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება,“ - ამის შესახებ ქეთევან ციხელაშვილმა "რუსთავი 2"-ს განუცხადა. ამავე ცნობით, მოხდა თუ არა გაცვლა, ამაზე ინფორმაცია არც თავად გათავისუფლებულ გიორგი გიუნაშვილს არ აქვს.

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქე გასული წლის თებერვალში დივერსიულ-ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით დააკავეს.


 

Print