რეგიონი
დაზარალებულის უფლებებისადმი მიძღვნილი კვირეული სამეგრელოში (ვიდეო)
ზუგდიდის რაიონული პროკურატურა „დაზარალებულთა კვირეულის“ ფარგლებში სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს ატარებს. უწყების წარმომადგენლებმა მოზარდებს დაზარალებულის უფლებები და მათი დაცვის მექანიზმები გააცნეს. შეხვედრები მეორე საჯარო სკოლიდან დაიწყო. პროკურორის ლევან სალიას თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მუხლები იცავს დაზარალებულის უფლებებს.

„აქცია საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ არის ორგანიზებული და ქვეყნის დიდ ქალაქებში ტარდება. დაზარალებულის უფლებებზე უკვე ვესაუბრეთ მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებს. მათ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დაზარალებულის უფლებების, ოჯახში ძალადობისა და ასევე ახალი დანაშაულის - ადევნების შესახებ მივაწოდეთ ინფორმაცია. ამავე თემაზე დღეს შეხვედრა ჯვარში იგეგმება. მნიშვნელოვანია საზოგადოებამ და მათ შორის მოზარდებმა იცოდნენ, თუ რა მექანიზმებით ცდილობს სახელმწიფო დაზარალებულები დაიცვას“, - განაცხადა ლევან სალიამ.

„დაზარალებულთა კვირეული“ 2017 წლის 27 ნოებრიდან 3 დეკემბრამდე იმართება, რომლის ფარგლებშიც საინფორმაციო შეხვედრები, სკოლის მოსწავლებთან სტუდენტებთან და მოსახლეობასთან გაიმართება.

Print