რეგიონი
კან ტანია: იტალიაში აფხაზეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა გაიხსნება
დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კან ტანიამ იტალიის ქ. ბარიში პრესკონფერენცია გამართა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა „ იტალიაში აფხაზეთის საგანგებო დავალებათა ელჩი“ ვიტო გრიტანი. ინფორმაციას  "საგარეო უწყების" ვებგვერდი ავრცელებს.

კან ტანიამ მედიის წარმომადგენლებს დე ფაქტო რესპუბილკაში არსებული სიტუაციის, პოლიტიკური სტატუსის და ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. გარდა ამისა, მან ასოციაცია „ევროპა - აფხაზეთის“ დაფუძნების და იტალიაში „აფხაზეთის რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობის“ რეგისტრაციის შესახებ განაცხადა.

„უნდა აღინიშნოს, რომ ამ წარმომადგენლობას არა აქვს დიპლომატიური ფუნქციები, რადგან იტალია არ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას. აღნიშნული წარმომადგენლობის ძირითადი ფუნქციაა ევროკავშირში მცხოვრები აფხაზეთის მოქალაქეთა უფლებების დაცვა. ასევე აფხაზ და იტალიელ ხალხებს შორის ურთიერთობის განვითარება, აფხაზეთის, მისი ენის, კულტურის და ტრადიციის პოზიტიური იმიჯის განმტკიცება“, - აღნიშნა კან ტანიამ. მისი თქმით, „დიპლომატიური წარმომადგენლობის“ ეგიდით სხვადასხვა სოციო-კულტურული ღონისძიებების და გამოფენების გამართვა იგეგმება.

კან ტანია იტალიაში „სამუშაო ვიზიტით“ 26 ნოემბერს ჩავიდა.

Print