რეგიონი
ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი ზუგდიდში - ნაგვაზაოში მოხუცების დაყაჩაღებასა და მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნეს
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე მარტვილის რაიონის სოფელ ნაგვაზაოში მომხდარ მკვლელობასა და ყაჩაღობაში ბრალდებულ რ.მ-ს სასჯელის ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის ინფორმაციით, ნაფიც მსაჯულებმა სრულად გაიზიარეს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ანგარებით და ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით ჯგუფის მიერ ჩადენილ ყაჩაღობასა და ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებაში ბრალდებული რ.მ. დამნაშავედ ცნო სს კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე”, მესამე ნაწილის ,,გ”, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ”, მესამე ნაწილის ,,ბ”, ,,გ“ და 273-ე მუხლით.

აღნიშნულ საქმეზე ჩატარებულ 20-მდე სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები გამოიკვლია, დაიკითხა ათობით მოწმე, ასევე, გამოიკვლიეს დოკუმენტალური და ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის შემთხვევის ადგილიდან ამოღებული საგნები, რომლებზეც ბრალდებულის და მისი თანამზრახველების დნმ-ის კვალი აღმოჩნდა.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 8 მარტს, მარტვილის რაიონის სოფელ ნაგვაზაოში რ.მ. სამ თანამზრახველთან ერთად, დიდი ოდენობით ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, საკუთარ საცხოვრებელ სახლში თავს დაესხა ც.ჩ.-ს და მ.ჩ.-ს. თავდამსხმელებმა მოხუცებულ დებს ხელები და ფეხები შეუკრეს და იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვეს, ხოლო უარის მიღების შემდეგ სასტიკად სცემეს მათ. მიღებული დაზიანებების შედეგად მ.ჩ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო რ.მ. თანამზრახველებთან ერთად მიიმალა“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ბრალდებული და მისი თანამზრახველები მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდეგ დააკავეს. სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.


ამავე თემაზე: 

მარტვილში მომხდარი ყაჩაღობისა და მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს 

ერთი მოკლული და ერთი დაჭრილი - ყაჩაღური თავდასხმა მარტვილში



Print