რეგიონი
ერთი წლის წინ გარდაცვლილი შოთიკო ცირგაის ოჯახმა აქცია გამართა (ვიდეო)
ერთი წლის წინ გარდაცვლილი 19 წლის შოთიკო ცირგაის ოჯახის წევრებმა ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის ეზოში აქცია გამართეს. გარდაცვლილის დედის ირინა წურწუმიას თქმით, ისინი დღეს არაფერს არ ითხოვენ, საავადმყოფოში მხოლოდ იმისთვის მივიდნენ, რომ მათი შვილის ყოფილ მკურნალ ექმის თავი შეახსენონ.

„უკვე აღარაფერს ვითხოვთ იმიტომ, რომ აქამდე ვერ მივაღწიეთ ვერაფერს, ვინ არ შევაწუხე, მაგრამ უშედეგოდ. ჯანდაცვის სისტემა გვქონია ასეთი, რომ ვერაფერს მოითხოვ", - თქვა გარდაცვლილის დედამ.

ჩხოროწყუს მკვიდრი შოთიკო ცირგაია პირველად სამედიცინო დაწესებულებაში 2016 წლის 17 ნოემბერს მოათავსეს. პნევმონიის დიაგნოზის მკურნალობის შემდეგ ავადმყოფი სახლში გაწერეს, თუმცა მისი მდგომარეობა რამდენიმე დღეში დამძიმდა და კვლავ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 30 ნოემბერს კი პაციენტის თბილისში გადაყვანა გახდა აუცილებელი, თუმცა ავადმყოფი რეფერირებისას გარდაიცვალა. მისმა ოჯახმა საავადმყოფოს შენობასთან მკურნალი ექიმის დასჯის მოთხოვნით საპროტესტო აქცია რამდენჯერმე გამართა.
Print