რეგიონი
მერაბ ქვარაია მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე: საზეიმო არაფერია
ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციას ეხმაურება. დეპუტატი ფიქრობს, რომ დღეიდან ჯანსაღი ცხოვრების წესის კიდევ უფრო მეტი პროპაგანდირება იქნება საჭირო.

"მარიხუანას მოხმარებისთვის საქართველოში დიდი ხანია ციხეში არავის სვამენ. არაფერია გასაკვირი, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ ეს კიდევ ერთხელ თქვა. საზეიმო და განსაკუთრებულიც ვფიქრობ ასევე არაფერია. ის, რომ ციხეში არ სვამენ, არ ნიშნავს რომ მარიხუანას მოხმარება კარგია. კარგია ის რაც კარგია და ეს მხოლოდ და მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესია", - აღნიშნულია მერაბ ქვარაიას განცხადებაში, რომელიც დეპუტატის ბიურომ გაავრცელა.

2017 წლის 30 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქის გივი შანიძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. ამის შესახებ ინფორმაციას საკონტიტუციო სასამართლო ავრცელებს. როგორც განცხადებაში წერია სასამართლომ დააკმაყოფილა გივი შანიძის კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც ითხოვდა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან (პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება) მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების "ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება" იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც ითვალისწინებდა პასუხისგებლობას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

Print