რეგიონი
ოჩამჩირეში შეჭირვებულ ოჯახებს ბინებს გადასცემენ
ოჩამჩირეში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს ახალ წალმდე 30 ბინა გადაეცემათ. ამის შესახებ "სპუტნიკს" რაიონის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა სლავიკ კუჩუბერიამ განუცხადა. მან დააზუსტა, რომ ბინები მოქალაქეებს ჯერჯერობით მხოლოდ სარგებლობის უფლებით გადაეცემათ.

"ერთი წლის შემდეგ გამოჩნდება, სურს, თუ არა ადამიანს იქ ცხოვრება. თუ ბინის შეკეთებას დაიწყებს, ჩვენ უკვე ორდერს გავცემთ და ამ შემთხვევაში, პირი მესაკუთრე ხდება", - განმარტა კუჩუბერიამ.

კომუნალური სამმართველოს წარმომადგენელმა მიხეილ აგრბამ აღნიშნა, რომ კომისია განიხილავს იმ პირთა განცხადებას, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება საცხოვრებელი ფართი: ომში მარჩენალდაღუპულებს, ომის ინვალიდებს, მრავალშვილიან ოჯახებს.მან დასძინა, რომ სამი სახლი "სამხრეთ ოსეთიდან, ყაბარდო - ბალყარეთიდან და რუსეთის სხვა რეგიონებიდან ჩამოსულ მოხალისეებსაც გადაეცა".

გამოცემის ცნობით, ოჩამჩირის რაიონის ადმინისტრაციის ბალანსზე 60 ბინაა, რომელთა ნახევარი, კომისიის გადაწყვეტილებით, უკვე გადაეცა მოქალაქეებს.


Print