ახალი ამბები
74 წლის ხობის მკვიდრი ცემაში დაცვის პოლიციის თანამშრომელს ადანაშაულებს
ხობის რაიონის სოფელ ნოჯიხევის მკვიდრის 74 წლის მიშა გოგიას მტკიცებით, მას დაცვის პოლიციის თანამშრომელმა სცემა. დაზარალებულის ინფორმაციით, ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც მან თანასოფლელის ლ.შ.-ს მიწის ნაკვეთზე საბალახოდ ძროხა შეუშვა. მისივე თქმით, შამათავა მას ფიზიკურად გაუსწორდა.

„დაახლოებით ერთი თვის წინ, მის ყანაში ძროხა შევუშვი…. მოსავალი უკვე აღებული იყო. ეზოში შემოვიდა, უკნიდან დამარტყა ჯოხი, ბარძაყის და გულმკერდის არეში მირტყამდა… მეზობელიც შეესწრო ამ სიტუაიცას. ამასობაში მოვიდა პოლიციის მანქანა, რომელშიც სხვებთან ერთად მისი ძმა იჯდა. მან დააწყნარა სიტუაცია“, - აღნიშნა გოგიამ.

ოჯახმა ცემის ფაქტზე პოლიციას მიმართა. დაზარალებულის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებითის და მისი ოჯახის წევრები დაიკითხნენ. გარდა ამისა, მას ქუთაისში შესაბამისი ექსპერტიზაც ჩაუტარდა.

შემთხვევის შემდეგ გოგიამ ხობის რეფერალურ ჰოსპიტალს მიმართა. საადმყოფოში ამბობენ, რომ პაციენტს გამოკვლევები ჩაუტარდა, რის შემდეგაც მას ბინაზე მკურნალობა დაენიშნა.

გამოძიებას ხობის პოლიცია აწარმოებს. შს სამინისტროში გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

Print