ახალი ამბები
ჯვარში ხე-ტყის უკანონოდ გადატანის ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ხე-ტყის ფარულად გადასატანი გზისა და კუსტარული მოწყობილობის დემონტაჟი მოახდინეს. უწყების ინფორმაციით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში, ე.წ. ხოკოს უბანში არსებული საგუშაგოს მიმდებარედ, აღმოაჩინეს შემოვლითი გზა, რომლის საშუალებითაც უკანონოდ მოპოვებული ფიცრები გადაჰქონდა.



„მათ სასაფლაოს გზის გამოყენებით, ტყის მიმართულებით აჰქონდათ უკანონოდ მოპოვებული ფიცარი, რომელსაც, ადგილობრივი კერძოპირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ასაწყობებდნენ. ამის შემდეგ, ტყეში სპეციალურად მოწყობილი ხის კონსტრუქციის გამოყენებით, ხდებოდა ფიცრების დაღმართზე დაშვება (ჩასრიალება). დაახლოებით 40 მეტრი სიგრძის ხის კონსტრუქციის ბილიკი ისევ კერძო მესაკუთრის ტერიტორიაზე სრულდებოდა, საიდანაც, ფიცრის ტრანსპორტირება უკვე ავტომობილების საშუალებით ხდებოდა. ამ მეთოდით ბრაკონიერები საგუშაგოს გვერდის ავლით, შემოვლითი გზით ახერხებდნენ ფიცრის გადატანას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

თანამშრომლებმა 11 მ3-მდე ფიცარი ამოიღეს, რომელიც შსს-სსამეგრელო-ზემო სვანეთის წალენჯიხის რაიონულ სამმართველოშია გადატანილი. ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

Print