ახალი ამბები
მერიასა და საკრებულოს ხელფასების საკითხს კომისიის სხდომაზე დაპირისპირება მოჰყვა
ზუგდიდის საკრებულოში საფინანსო-სარევიზიო და საბიუჯეტო კომისიის სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა. მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან კითხვები ჰქონდათ საკრებულოს წევრებს. სხდომაზე ხმაური „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი ღურწკაიას კითხვას მოყვა. ოპოზიციონერი დეპუტატი დაინტერესდა, რამდენით შემცირდა ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული ხარჯები მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ, რაზეც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა მურთაზ ბოკუჩავამ განმარტა, რომ დანაზოგი 400 000 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების შრომით ანაზღაურებას, ბოკუჩავას თქმით, ის 6 მილიონი ლარია და კანონით გათვალისწინებულ დასაშვებ ნორმაზე 6%-ით ნაკლებია.



„არ შეიძლებოდა 19%-ზე ნაკლები ყოფილიყო. მუნიციპალიტეტის ორგანოების საშტატო რიცხოვნებიდან გამომდინარე (351), სახელფასო ხარჯები არ შეიძლება 19%-ზე ნაკლები იყოს. თითოეული საშტატო ერთეულის ანაზღაურება კანონით გათვალისიწინებულია. ასე რომ 19 % ოპტიმალური ოდენობაა მაშინ, როდესაც ზღვარი 25%-ია“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.

ენმ-ის წევრის ანი წითლიძის თქმით, შესაძლებელი იყო, რომ ხელფასებისთვის არა 19%, არამედ უფრო ნაკლები თანხა გამოეყოთ, რაზედაც ირაკლი ლაგვილავამ უპასუხა, რომ ნაციონალების ხელისუფლების დროს დაბალი ხელფასების გამო პრემიების რაოდენობა გაცილებით მეტი იყო და შესაბამისად, ბიუროკრატიული ხარჯებიც ამჟმინდელ ხარჯებს აღემატებოდა.

„ეს არის ჩვეულებრივი დემაგოგია“ -  მიმართა წითლიძემ ლაგვილავას, რაზაც "ქართული ოცნების" დეპუტატმა უპასუხა, რომ ის ფაქტებზე დაყრდნობით საუბრობს.

ბიუჯეტის პროექტის განხილვა კომისიის შემდეგ ფრაქცია „ენმ“-ის სხდომაზე გაგრძელდა, რომელსაც მერის მოადგილე მაიზერ ნანავაც ესწრებოდა.



ფრაქციის შეფასებით, აღნიშნული ბიუჯეტის პროექტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საჭიროებებს არ შეესაბამება.



Print