რეგიონი
ენმ-ის შენიშვნები და რეკომენდაციები ზუგდიდის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტზე
ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით არაერთი შენიშვნა და რეკომენდაცია აქვს. ფრაქციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტების განსაზღვრა მაშინ, როცა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განვითარების გენერალური გეგმა არ არსებობს, გაუგებარია. ოპოზიციურ პარტიაში მიიჩნევენ, რომ პრიორიტეტების განსაზღვრა ფართო განხილვისა და დისკუსიის საგანი უნდა იყოს, ხოლო ბიუჯეტი მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმას უნდა მოერგოს.

ენმ-ში ამბობენ, რომ ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტები და თავად წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი ერთმანეთს არ შეესაბამება.

”მაგალითად, ბიუჯეტის პროექტში ერთ- ერთ პრიორიტეტად დასახელებულია „განუხრელი ზრუნვა მოსახლეობის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელებაზე“ - და მისთვის მხოლოდ 2 მილიონ 900 ათასი ლარია გამოყოფილი, სახელფასო და ადმინისტრაციული ხარჯები კი თითქმის ორჯერ მეტია”, - აცხადებენ ფრაქციაში.

გარდა ამისა, ენმ სვამს კითხვას, რატომ არ მოხვდა ბიუჯეტის პრიორიტეტების ჩამონათვალში ტურიზმის განვითარება.

ოპოზიციურ ფრაქციაში ასევე თვლიან, რომ ბიუჯეტის პროექტი არ არის პროგრამული და გაურკვევლია, კონრეტულად რა აქტივობებში შეიძლება დაიხარჯოს თანხები.

„დამატებით კითხვებს აჩენს ის, რომ ზუგდიდის მერიის სტრუქტურული რეორგანიზაცია ჯერ კიდევ არ დასრულება, არ წარმოუდგენიათ კონკრეტული განვითარების გეგმა სფეროების მიხდვით”, - აღნიშნავენ ოპოზიციური პარტიის წევრები.

ენმ-ში მიიჩნევენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ბენეფიციარებსა და ზოგადად, მოსახლეობას არა ერთჯერად, არამედ სტაბილურ, განვითარებასა და შედეგზე ორიენტირებულ პროგრამებს უნდა სთავაზობდეს. ფრაქციისთვის გაუგებარია რამდენიმე შპს-ისა და ააიპ-ის ფუნქციონირების საკითხიც ისევე როგორც ის, რატომ არ არის საუბარი პროექტში მაწანწალა ძაღლების ან მოხუცთა თავშესაფარზე, ასევე, ყინულის სახლსა და ზუგდიდის რეკონსტრუქციის გეგმაზე.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, „ნაციონალური მოძრაობა“ თვლის, რომ აუცილებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი იყოს პროგრამული, პრიორიტებებში დაემატოს ტურიზმის განვითარება, მუნიციპალიტეტს ჰქონდეს განვითარების გენერალური გეგმა და გაიზარდოს განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვების დაფინანსების პროგრამა მინიმუმ 70 ათასი ლარით. გარდა ამისა, ფრაქცია ითხოვს, გაიზარდოს უფასო სასადილოს დაფინანსება, განისაზღვროს სტუდენტების მგზავრობის საფასური და სხვა.

Print