რეგიონი
წითელი ჯვარი უგზო - უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებას აგრძელებს
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებმა ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. მათ ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. ყურადღება შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად გაუჩინარებული ადამიანების ხვედრის და ადგილსამყოფელის გარკვევაზე გამახვილდა. შესაბამისი ინფორმაციის მოძიება 2010 წელს შექმნილი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში ხდება. წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მაია ქარდავას თქმით, გაუჩინარებულთა პრობლემის გადაჭრის პროცესში მათი ორგანიზაციის საქმიანობამ შედეგი გამოიღო და რეგიონებში ათობით სამარხი გაიხსნა. ქარდავას განმარტებით, სახელმწიფოსა და პარტნიორი ორგანიზაციების დახმარებით წითელი ჯვარი მომავალშიც განაგრძობს ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას.



„ინფორმაცია მივაწოდეთ მედიას წელს განხორციელებული საქმიანობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. განსაკუთერებული აქცენტი მინდა გავაკეთო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებასთან დაკავშირებით და მათი ოჯახების მხარდაჭერის პროგრამებზე. 2010 წლიდან მოხდა 393 ნეშთის მოძიება, აქედან 125-ის ამოცნობა მოხერხდა, ხოლო დანარჩენის ამოცნობის პროცესი გრძელდება“, - განაცხადა მაია ქარდავამ.

ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში 1990-იანი წლებისა და 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად 2300-ზე მეტი ადამიანი ითვლება დაკარგულად. ამავე ინფორმაციით, 2017 წელს 383 ნეშთი იქნა მოძიებული, რომელთაგან 135 ამოცნობილია. ამ რიცხვში შედის ის 25 ნეშთი, რომლის გადმოსვენებაც აფხაზეთიდან 18 ოტომბერს მოხდა.




ერთი წლის განმავლობაში წითელმა ჯვარმა რამდენიმე პროექტი განახორციელა, მათ შორის, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების, გამყოფ ხაზს მიღმა მცხოვრები ოჯახის წევრების ვიზიტი პატიმრობაში მყოფი ახლობლების მოსანახულებლად და სხვ. 

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი დაარსდა 1863 წელს. ის არის ნეიტრალური და დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელსაც მხოლოდ ჰუმანიტარული მისია გააჩნია.

Print