ახალი ამბები
მერია: ზუგდიდის ყინულის სახლს რეაბილიტაცია სჭირდება
ქალაქ ზუგდიდის ყინულის სახლს ინფრასტრუქტურული განახლება და გამართვა სჭირდება. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ზუგდიდის მერის მოადგილემ მაიზერ ნანავამ განუცხადა. მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში ყინულის სახლისთვის 400 000 ლარია გათვალისწინებული. მისივე ცნობით, აღნიშნული თანახა სახელფასო ფონდსაც მოიცავს.

„აუცილებლად უნდა განახლდეს და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გახდეს ყინულის მოედანი, ვგეგმავთ მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ჩამოყვანას. ზუგდიდში ყინულის სახლი აუცილებლად იმუშავებს“, - აღნიშნა ნანავამ.

ჩვენს კითხვაზე, როდის გეგმავს მერია შესაბამისი ტენდერის გამოცხადებას, ნანავამ გვიპასუხა, რომ საციგურაო მოედანი ფუნქციონირებას 2018 წლიდან დაიწყებს, თუმცა ის კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებს.

საციგურაო მოედნის გახსნა 2014 წლის შემდეგ რამდენჯერმე დაანონსდა, თუმცა ის ამ დრომდე არ ფუნქციონირებს. ამის მიზეზად რამდენიმე თვის წინ ამ დროისთვის ლიკვიდირებულ ქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტების გაერთიანებას ასახელებდნენ.

მოედნის მშენებლობა 2012 წელს დაიწყო, რისთვისაც 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ბოლოს მოედანი 2015 წელს დიდთოვლობის შედეგად დაზიანდა. მას რეაბილიტაცია უკრაინელმა სპეციალისტებმა ჩაუტარეს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 154 127 ლარი გამოიყო.


ამავე თემაზე:

მერიაში ყინულის მოედნის გახსნის დაგვიანების მიზეზად მუნიციპალიტეტების გაერთიანებას ასახელებენ
Print