რეგიონი
აფხაზ-აბაზი ხალხების კონგრესი: ჩვენ ბარიკადების ერთ მხარეს უნდა ვიდგეთ
სოხუმში აფხაზ-აბაზი ხალხების VII საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა დელეგატების და სტუმრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ აფხაზების, აბაზების და ადიღების „მთავარი ეროვნული იდეა იყო და არის ეთნოსის და სამშობლოს შენარჩუნება”.

"სადაც არ უნდა ვიყოთ, აფხაზეთში, თურქეთსა თუ რუსეთში, ჩვენ ბარიკადების ერთ მხარეს უნდა ვიდგეთ და დავიცვათ საერთო ინტერესები. ხოლო ჩვენს ქმედებებს ჩვენი ხალხები, დრო და ისტორია შეაფასებენ", - განაცხადა რაულ ხაჯიმბამ. 

დე ფაქტო რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები საზღვრისპირა გალის რაიონში სიტუაციის გასაუმჯობესებლად.

"მნიშვნელოვნად გამაგრდა საქართველოსთან საზღვარი. გაუმჯობესდა ახალი აფხაზური პასპორტების გაცემის მექანიზმი, ასევე მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა სასამართლო სისტემაში. განხორციელდა კონსტიტუციური ცვლილებები... გაძლიერდა კონტროლი კრიმინოგენულ სიტუაციაზე, მათ შორის ნარკოტიკებთან ბრძოლის თავლსაზრისითაც. გაიხსნა რამდენიმე მძიმე დანაშაული“, - თქვა მან.

აფხაზ-აბაზი ხალხების კონგრესის ვიცე-პრეზიდენტმა სერგეი პაზოვმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ხალხებმა შეინარჩუნონ საკუთარი ენა, კულტურა და მსოფლმხედველობა.

აფხაზური მედიის ცნობით, წლევანდელ ფორუმზე იგეგმება კონგრესის ხელმძღვანელობის სტრუქტურის შეცვლა, პრეზიდენტის და გენერალური მდივნის თანამდებობებს, ორგანიზაციის უმაღლესი საბჭო ჩაანაცვლებს.

აფხაზ-აბაზი ხალხების საერთაშორისო ასოციაცია 1992 წელს დაფუძნდა.




Print