რეგიონი
NASA - ს ქალი ასტრონავტი ზუგდიდში ახალგაზრდებს შეხვდა (ვიდეო)
ტექნოპარკში NASA - ს ასტრონავტი ჰაიდი ფაიფერი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა და თავის გამოცდილებაზე ესაუბრა. ის ჩვენს ქალაქს ამერიკის საელჩოს ინიციატივით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ეწვია. მან მოზარდებს უთხრა, რომ ზოგჯერ ქალებს მამაკაცებთან ასოცირებულ სამსახურებში თავის დამკვიდრება უჭირთ, თუმცა საწინააღმდეგო აზრი ბევრჯერ დაუმტკიცებია.




„აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გადაწყვიტეს, რომ ჩამოვსულიყავი, რათა მესაუბრა ჩემს პირად ცხოვრებაზე, მიღწევებსა და გამოცდილებაზე. ამასთან, აქ მოსულ ახალგაზრდებს მოვუწოდე, რომ კარგად ისწავლონ, რადგან არ იციან თუ რა შესაძლებლობებს ფლობენ“, - აღნიშნა ჰაიდი ფაიფერმა.

ქალ კოსმონავტთან შეხვედრას აშშ-ის პროექტ “ამერიკულ ჰაკათონში ” მონაწილე მოსწავლეებიც ესწრებოდნენ. მათ ტექნოპარკში თავიანთი ნამუშევრებიც გამოფინეს.




ასტრონავტმა საკუთარი გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, ახალგაზრდების კითხვებს უპასუხა. შეხვედრაზე, ასევე ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი ფაიფერის კოსმოსური ფრენების შესახებ.


Print