რეგიონი
პალატა #8 - თემურ ელიავას წიგნის პრეზენტაცია MEGO ბარში
MEGO ბარში ზუგდიდელი პოეტის თემურ ელიავას ლექსების მეორე კრებულის „პალატა #8“-ის პრეზენტაცია გაიმართა. საღამოზე პოეტმა ახალ წიგნში შესული ლექსები წაიკითხა.



ელიავას თქმით, კრებულის გამოცემის ინიციატორები მისი ბათუმელი მეგობრები იყვნენ.

„ეს იყო საჭირო დროს. გარკვეული პერიოდის ლექსებია შესული. რაც შეეხება სახელს, ალბათ, ეს პალატისეული ეტაპი იყო. სხვა მიზეზებიც აქვს, წვეთ-წვეთად და ასე მოზაიკის ეფექტით შეიქმნა ეს სათაური“, - აღნიშნა ელიავამ.

საღამოს ზუგდიდელები და პოეტის მეგობრები დაესწრნენ. ერთ-ერთი მათგანის ნიკა ლაშხიას თქმით, პირველ კრებულ „რაღამში“ ქართული და მეგრული ლექსები იყო შესული, „პალატაში“ კი ქართულთან ერთად მკითხველს რუსული ლექსების წაკითხვაც შეეძლება.



„მრავალფეროვნად არის წარმოჩენილი ვერლიბრიც, კონვერციული ლექსებიც. გარდა ამისა, პირველისგან განსხვავებით, რომელშიც, თითქოს, რაღაც პოეტური ბრძოლები იყო, პოეტი დაღვინებული გვევლინება და თავისი ხელწერა აქვს ნაპოვნი“, - ასე შეაფასა ელიავას მეორე კრებული პოეტმა ნიკა ლაშხიამ.

ადგილზე მისულ მკითხველებს წიგნის შეძენაც შეეძლოთ.


Print