ახალი ამბები
მერის მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში ორი წევრი გაუფრთხილებლად შეიყვანეს
მრჩეველთა საბჭოს ორი წევრი სათათბირო ორგანოს შემადგენლობაში ყოფნის შესახებ ინფორმირებული არ იყო. "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის" ოფისის კოორდინატორის ეკა მინჯორაიას თქმით, მას მერიიდან არავინ დაკავშირებია და არც შესაბამისი შეთავაზება მიუღია. ის საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების დროს საქართველოში არ იმყოფებოდა.

„შესაძლო იყო, რომ დაერეკათ ან სხვა სახის კომუნიკაცია შემდგარიყო ჩვენ შორის. გაუგებრობაში ვარ. შემოთავაზება რომ ყოფილიყო, არ დავთანხმდებოდი, რადგან, თითქმის, ერთი წლის განმავლობაში ვიმუშავე მრჩეველთა საბჭოში და მუნიციპალიტეტების გაერთიანების დროს დავტოვე. ვაპირებ, მერიაში გავარკვიო ეს საკითხი“, - უთხრა რადიო „ათინათს“ მინჯორაიამ.

სათათბირო ორგანოს ახალ შემადგენლობაში არ იქნება არჩილ თოდუაც. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის კოორდინატორი მიიჩნევს, რომ წევრობაზე შეთანხმება ორმხრივი უნდა ყოფილიყო.

„მისასალმებელია, რომ მერმა ჩათვალა საჭიროდ ჩვენი წევრობა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში, თუმცა ცხადია, კარგი იქნებოდა, წინასწარი კონსულტაცია გამართულიყო და წევრობაზე შეთანხმება ორმხრივად მომხდარიყო. ცხადია, ორგანიზაცია მზად არის გარკვეულწილად ითანამშრომლოს საბჭოსთან, მიაწოდოს რეკომენდაციები და საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური კვლევებიც ჩაატაროს იმისთვის, რომ საბჭომ ეფექტიანი და მოსახლეობის კეთილდღეობაზე გათვლილი წინადადებები შესთავაზოს მერს“, - აღნიშნა თოდუამ.



მრჩეველთა საბჭოს ახლადარჩეული თავმჯომარე კახაბერ ფარცვანია ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის კურსში არ იყო და საკითხის გარკვევას მერიაში აპირებს.

„არ ვიცოდი ამის შესახებ. ჩვენ დავეყრდენით მერის ბრძანებას, რომელში საბჭოს შემადგენლობაშიც იყო ეს ორი პირი. თუ მათ არ აქვთ სურვილი, ალბათ, განაცხადებენ და რა თქმა უნდა, ისინი ჩანაცვლდებიან. საბჭოს წევრობა ძალდატანებითი არ არის, ნებაყოფლობითია“, - განმარტა ფარცვანიამ.

ზუგდიდის მერის სათათბირო ორგანო სამოქალაქო მრჩეველთა ახალი საბჭო პირველ სხდომაზე 27 ნოემბერს შეიკრიბა. სულ საბჭოს შემადგენლობაში 15 ზუგდიდელი შედის, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ამომრჩევლები.

ფოტო: "ლაივპრესი"

ამავე თემაზე:

ზუგდიდის მერის მრჩეველთა ახალი საბჭოს შემადგენლობა

Print