რეგიონი
აფხაზეთში პაველ არძინბას და მისი მძღოლის მკვლელებს ეძებენ
ბიზნესმენ პაველ არძინბას მკვლელობაში მონაწილე პირების დასაკავებლად დე ფაქტო აფხაზეთში გეგმა „პერეხვატი“ აამოქმედეს, წერს „კავკაზსკი უზელი“ ძალოვან სტრუქტურებში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.

“დანაშაულის ადგილზე საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს. ჯერ რაიმე შედეგებზე საუბარი ნაადრევია", - განუცხადა მან გამოცემას.

13 დეკემბერს, სოხუმი-ფსოუს ტრასაზე, გუმისთის ხიდზე, ორი ადამიანი მსუბუქ ავტომობილში ჩაცხრილეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, უცნობმა პირებმა ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გახსნეს, რის შედეგადაც მანქანაში მყოფი პაველ არძინბა და მისი მძღოლი დიმიტრი ხაგბა ადგილზე დაიღუპნენ.

პაველ არძინბა დე ფაქტო აფხაზეთის მესამე პრეზიდენტზე ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის ორგანიზებაში იყო ეჭვმიტანილი. თავდასხმის დროს, რომელიც 2012 წლის 22 თებერვალს მოხდა, ანქვაბი არ დაშავებულა, თუმცა მისი დაცვის ორი წევრი გარდაიცვალა.

პაველ არძინბა, რომელიც საერთაშორისო ძებნაში იყო გამოცხადებული, 2017 წლის 26 სექტემბერს აფხაზეთში დაბრუნდა და სამართალდამცავებს ჩაბარდა. დაკითხვის შემდეგ, ის თავდებითა და ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს.

Print