რეგიონი
ხანძარი ყულიშკარში - 10 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა
ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში წუხელ გვიან ღამით ხანძრის შედეგად მაქაცარიების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ცეცხლი, სავარაუდოდ, ელექტროსადენებს გაუჩნდა. მეზობლების ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო ბრიგადა დროულად მოვიდა, თუმცა ხანძრის ლოკალიზება ვერ მოხერხდა. მაშველებმა დამხმარე ნაგებობის გადარჩენა შეძლეს.

„როცა ცეცხლი შევამჩნიეთ, უკვე მთლიანად მოდებული იყო. ბევრი ვიყავით, მაგრამ მისი ჩაქრობა ვერ მოვახერხეთ. სამწუხაროდ, ვერც სახანძრომ მოუსწრო, მთლიანად დაიწვა“, - ამბობენ მეზობლები.

სოფლის მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა პროკოპენკოს თქმით, იგი ახლაც დაზარალებულებთან იმყოფება. რაც შეეხება დახმარებას, მისი ცნობით, ოჯახი პროგრამით გათვალისწინებულ 1000 ლარიან დახმარებას და სამასალე მერქანს მიიღებს.

„სამწუხარო ფაქტი მოხდა, ოჯახმა, დაახლოებით,  70 000-მდე ლარით იზარალა“,- აღნიშნა პროკოპენკომ.

აღნიშნულ სახლში ათი ადამინი ცხოვრობს, მათ შორის ბავშვები.


Print