რეგიონი
სასაკლაოზე მიყვანილი პირუტყვის საყურე ნიშანის გარეშე დაკვლა აიკრძალება
2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც სავალდებულოა სასაკლაოზე მიყვანილი პირუტყვი იყოს იდენტიფიცირებული და ჰქონდეს საყურე ნიშანი. ნიშანზე დატანილია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული უნიკალური კოდი, რომელიც რეგისტრირებულია ერთიან მონაცემთა ბაზაში და მოიცავს სრულ ინფორმაციას პირუტყვის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, აღნიშნული სისტემის დანერგვა ხორციელდება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მოთხოვნათა შესაბამისად. სააგენტოში აცხადებენ, რომ აღნიშნული ხელს შეუწყობს სურსათის მიკვლევადობას, “ფერმიდან სუფრამდე“ პრინციპის სრული ჯაჭვის უზრუნველყოფას, უვნებლობის სტანდარტების დანერგვას, მომხმარებელთა ჯანმრთელობის და ინტერესების დაცვას.

ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით 2012 წლიდან მიმდინარეობს. სააგენტოს მონაცემებით, 3 მილიონამდე მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვია იდენტიფიცირებული.




Print