ახალი ამბები
ენმ ზუგდიდში სააკაშვილის პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციამ საქართველოს ექსპრეზიდენტის მიმართ პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დღეს დაიწყო. პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის ანი წითლიძის თქმით, ამ დროისთვის 8 ათასი ბლანკია გაცემული. პროცესი 10-დან 15 იანვრამდე დასრულდება.

„ზუგდიდში უკვე დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება რომ შეწყდეს საქართველოს III პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა. ჩვენი აქტივისტები დადიან ქალაქისა და მუნიციპალიტეტის სოფლების მასშტაბით და მსურველებს შეუძლიათ ადგილზე მოაწერონ ხელი. ხელის მოწერა მოქალაქეებს ჩვენს ოფისშიც შეუძლიათ“, - უთხრა რადიო „ათინათს“ წითლიძემ.

მისივე ინფორმაციით, ამავე მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება მთელი სამეგრელოს მასშტაბით მიმდინარეობს. გარდა ამისა, პარტია სხვადასხვა აქტივობას გეგმავს.

სააკაშვილის მხარდამჭერ ხელმოწერებს ენმ მთელს საქართველოში აგროვებს. პარტია აღნიშნულ დოკუმენტს საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოებსა და სამთავრობო უწყებებს გადაუგზავნის.


ამავე თემაზე:

ენმ სააკაშვილის მხარდასაჭერად ხელმოწერების შეგროვებას ზუგდიდშიც გეგმავს
Print