რეგიონი
აფხაზურ დიპლომებს რუსეთში აღიარებენ
მოსკოვმა და სოხუმმა განათლებისა და კვალიფიკაციის ორმხრივი აღიარების შესახებ შეთანხმება გააფორმეს. დოკუმენტს ხელი რუსეთის და დე ფაქტო აფხაზეთის განათლების მინისტრებმა ოლგა ვასილიევამ და ადგურ კაკობამ მოაწერეს. ამის შესახებ „აფხაზია ინფორმს“ რუსეთის ფედერაციის პრესსამსახურში განუცხადეს.

ადგურ კაკობას განცხადებით, შეთანხმებაში ნათქვამია, რომ აფხაზეთში გაცემული განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს რუსეთის ფედერაციაში ანალოგიური დოკუმენტის ტოლფასი იურიდიული ძალა ექნება.

გამოცემის ცნობით, დღესდღეობით, რუსეთის ფედერაციის უმაღლეს სასწავლებლებში 1692 სტუდენტი სწავლობს აფხაზეთიდან, მათგან 782- ის სწავლის საფასური ბიუჯეტიდან ფინანსდება.

Print