ახალი ამბები
სასამართლომ ზუგდიდის მუზეუმიდან გათავისუფლებული გიდი სამსახურში აღადგინა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმიდან გათავისუფლებული თანამშრომლის ელზა ზოდელავას სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. მისი ინტერესების დაცველის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტის ლელა მოწონელიძის თქმით, მოსარჩელე მხარის სამივე მოთხოვნა ზოდელავას გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ დააკმაყოფილა.

„გადაწყვეტილება გუშინ გამოცხადდა, მისი შინაარსის შესახებ კი დღეს გვაცნობეს“, - აღნიშნა მოწონელიძემ.

ელზა ზოდელავა სამსახურში დაბრუნებას აპირებს.

„მე მინდოდა, რომ სიმართლეს ეზეიმა, ასეც მოხდა. მუზეუმის დირექტორმა პირადი ინტერესით გამათავისუფლა. დეტალები მას შემდეგ გვეცოდინება, რაც დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაგვბარდება“, - თქვა ზოდელავამ.

დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმიდან გათავისუფლებული თანამშრომლის სარჩელი ზუგდიდის რაიონულმა მიმდინარე წლის ივნისში არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც აღნიშნული გადაწყვეტილება ზოდელავამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ელზა ზოდელავა მუზეუმის რუსულ, პოლონურ და ქართულენოვან გიდად 6 წელი მუშაობდა. ის სამსახურიდან მიმდინარე წლის იანვარში გაათავისუფლეს.

ამავე თემაზე:

მუზეუმიდან გათავისუფლებული გიდი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს

გიდი სამსახურიდან გათავისუფლებაში მუზეუმის დირექტორს ადანაშაულებს (ვიდეო)

Print