რეგიონი
ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყების ცერემონია იმართება
დღეს, 24 დეკემბერს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოების დაწყების ოფიციალური ღონისძიება იმართება. მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, კონსორციუმის მენეჯმენტი, სასულიერო პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.

„ორ წელიწადში ჩვენ აქ ვიზეიმებთ პანამაქსის გემის შემოსლას, აქ მუშაობა არ გაჩერდება ერთი წუთით. ჩვენ ვიწყებთ 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდ პროექტს, რაც არის დასაწყისი ინდუსტრიის განვითარების და დიდი ცვლილებების. ეს პორტი აბრეშუმის გზაზე განამტკიცებს საქართველოს პოზიციას და საშუალებას მისცემს რეგიონის და არა მხოლოდ რეგიონის მაცხივრებლებს, რომ ახალი შესაძლებლობები გაიჩინონ, დასაქმდნენ და ეს არის რეალობა“, - აღნიშნა პრემიერ- მინისტრმა.



პროექტის მიხედვით, ანაკლიის ნავსადგურის პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოები 2017-2021 წლებში, 110 ჰექტარი ფართობის ტერიტორიაზე განხორციელდება. ამ პერიოდის განმავლობაში აშენდება ინფრასტრუქტურა, რომელიც საქართველოს შესაძლებლობას მისცემს მიიღოს 10,000 კონტეინერიანი (TEU) პანამაქსის და პოსტპანამაქსის ტიპის გემები, რომელთაც დღესდღეობით საქართველოში არსებული სხვა პორტები ვერ ემსახურება.

2021 წლისთვის ანაკლიის პორტის 900, 000-მდე TEU კონტეინერის და 1.5 მილიონი ტონა მშრალი ნაყარი ტვირთის გატარებას შეძლებს.



მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები მოიცავს:

• საზღვაო აკვატორიის 16 მეტრამდე დაღრმავებას;

• გრუნტის რეკლამაციას და 15 მილიონი კუბური მეტრი ინერტული მასალის ფსკერიდან ამოღებას, რომელიც პორტის სახმელეთო ტერიტორიაზე განთავსდება და უზრუნველყოფს 110 ჰექტარის ფართობზე ჭაობიანი მასების ამოვსებას (მოგვიანებით იგეგმება ჭაობის აღდგენა სხვა, შესაბამის ტერიტორიაზე);

• 1.6 კმ-იანი ტალღმტეხის აშენებას, რომლის გამაგრებაც ზღვაში 1.3 მილიონი ტონა ქვის გამოყენებით მოხდება;

• 625-მეტრის სიგრძის, 2-ნავმისადგომიანი, მრავალფუნქციური ტერმინალის მშენებლობას, რომლის ფარგლებში 110 ჰექტარზე ბეტონის საფარის მოწყობა და დამხმარე შენობა-ნაგებობების მშენებლობა იგეგმება.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა 540 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.


Print