ახალი ამბები
ზუგდიდელების სოლიდარობის აქცია ზვიად რატიანის მხარდასაჭერად (ვიდეო)
ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში პოეტ ზვიად რატიანის მხარდამჭერი სოლიდარობის აქცია გაიმართა. ადგილობრივმა პოეტებმა, სამოქალაქო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა რატიანი დაკავების დროს მის მიმართ პოლიციის მიერ ძალის გამოყენების ფაქტი გააპროტესტეს და დამნაშავე პოლიციელების დასჯა მოითხოვეს.

„ვგმობთ ძალადობას და ვითხოვთ ყველა იმ პოლიციელის დასჯას, ვინც ამ ინციდენტში მონაწილეობდა. გარდა ამისა, ასეთი ქმედებებით ისინი სამინისტროს იმიჯსაც აყენებენ ზიანს. სოლიდარობას ვუცხადებთ ამ დიდ მწერალსა და პოეტს და ყველა მსგავსი შემთხვევის მსხვერპლს“, - აღნიშნა ზუგდიდელმა პოეტმა ნიკა ლაშხიამ.



აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ საზოგადოების დაკვეთა უნდა დაასრულოს.

„არა ძალადობას - სწორედ ეს დაუკვეთა საზოგადოებამ ხელისუფლებას და ეს უნდა შესრულდეს. ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა ყველა დაჩაგრულს“, - თქვა როსტომ ზარანდიამ.

პოეტი ზვიად რატიანი საპოლიციო კონტროლის დროს გუშინ დააკავეს. მისი მტკიცებით, ის სამართალდამცავებმა სცემეს. საქართველოს მთავარი პროკურატურა აღნიშნულ ფაქტს იძიებს. რაც შეეხება შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ „ზვიად რატიანი იყო ნასვამ მდგომარეობაში, წინააღმდეგობას უწევდა და შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცველებს, რითაც მათ არ აძლევდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას“. მის მიმართ საქმე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით არის აღძრული.

რატიანის საქმის სასამართლო განხილვა გადაიდო. შესაბამისი შუამდგომლობა პროცესზე რატიანის ადვოკატმა რატიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების დააყენა. ოჯახის წევრების პოეტს ტვინის შერყევა აქვს, ცოტა ხნის წინ კი ძლიერი ტკივილით საავადმყოფოში გადაიყვანეს.


Print